კომპიუტერმა შეავიწროვა ჭადრაკი, რისი კონკრეტული მაგალითია ის ფაქტი, რომ აიკრძალა პარტიების გადადება
მოჭადრაკისათვის კომპიუტერი აღარ განიხილება, როგორც ფაქტორი,ის გარდაუვალი აუცილებლობაა, განსაკუთრებით მაშინ, თუ მოჭადრაკე მაღალ მიზნებზეა ორიენტირებული
კომპიუტერულმა ფირმებმა ნათლად დაისახეს, რომ ამ სფეროში მიღწევების დემონსტრირება ყველაზე ნათელი სწორედ ჭადრაკშია, ხოლო ყველაზე ღირებული რეკლამა ჭადრაკის ვარსკვლავების დამარცხებაა მათ მიერ წარმოებული კომპიუტერების მიერ.
რაში მდგომარეობს კომპიუტერის ძალა? როგორია კომპიუტერისა და ადამიანის ტვინის ფარდობითი ბალანსი? ანუ რის ხარჯზე აღწევს კომპიუტერი საჭადრაკო სიმძლავრეს? რა ტემპით იზრდება მისი შესაძლებლობები? რა ელის ჭადრაკს მომავალში? ანუ გაიზიარებს თუ არა იგი შაშის ბედს? არის თუ არა ფიშერის ჭადრაკი პრობლემის გადაწყვეტა?
მხოლოდ ღრმა ანალიზს შეუძლია აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა: კომპიუტერში მეცნიერთათვის გაურკვეველი თითქმის არაფერია, ადამიანის თავის ტვინი კი ჯერ კიდევ თითქმის შეუსწავლელ სფეროს წარმოადგენს. კომპიუტერი, ადამიანის ტვინთან შედარებით, რამდენიმე საფეხურით ჩამორჩენილი სისტემაა. ის თავისი სისუსტეების კომპენსირებას გეომეტრიული პარამეტრებისა და განუზომლად დიდი ენერგიის მოხმარების ხარჯზე ახერხებს. ანუ კომპიუტერის უპირატესობა თავის ტვინთან შედარებით, ინფორმაციის დახარისხებისა და შენახვის სფეროში უდაოა. ადამიანის ტვინის პრიმატი რაციონალიზმში და ინტელექტში ეჭვს არ იწვევს.
კომპიუტერის შესაძლებლობების ზრდის ტემპიც უფრო მითია, ვიდრე რეალობა. კონკრეტულად, 1997 წელს ყველაზე მძლავრი კომპიუტერი წამში ორ მილიარდ ოპერაციას ასრულებდა, დღეს ეს ციფრი ათ მილიარდზე მეტი არ არის. ე.ი. ათ წელიწადში იგი მხოლოდ ხუთჯერ გაიზარდა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ კომპიუტერის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის.
ალბათ არც იმაში შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ დღეისათვის კომპიუტერი საბოლოო ჯამში შავი სამუშაოს შემსრულებელი გამომთვლელი მანქანაა, დანარჩენს მასში ისევ ადამიანის ტვინის მიერ ნააზრევი პროგრამა წარმოადგენს.
შაში კომპიუტერს არ დაუმარცხებია, მისადმი ინტერესის დაკნინება თვითონ ადამიანის ტვინმა შეძლო, რადგან სვლათა ალბათობის დაძლევა მის დაქვემდებარებაში შევიდა, რამაც ფრეთა ძალზედ მაღალი პროცენტი და აქედან გამომდინარე, მისადმი ინტერესის დაქვეითება გამოიწვია.
რომ არა მძლავრი კომპიუტერები, რა თქმა უნდა, ჭადრაკის შევიწროებას მხოლოდ ადამიანის ტვინი ვერ შეძლებდა. ჭადრაკის კონკურენტად მხოლოდ ადამიანის ტვინისა და მძლავრი კომპიუტერების ერთობლიობა შეიძლება იქნას განხილული.
|